სერიით „ბიბლიოგრაფიული იშვიათობა“ კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი გამოსცემს იშვიათობად ქცეულ ქართულ ფილოლოგიურ, ისტორიულ-წყაროთმცოდნეობით, არქეოგრაფიულ ძეგლებს და სამეცნიერო ლიტერატურას. ვფიქრობთ, მკითხველისთვის საინტერესო და სასარგებლო იქნება, გაეცნოს XIX-XX საუკუნეების ცნობილ ქართველ მეცნიერთა შრომებს, რომელთა დიდ ნაწილს ახლა მხოლოდ ბიბლიოთეკებში თუ მიაგნებ, ისიც – ერთეულ ეგზემპლარებს. სერია `ბიბლიოგრაფიული იშვიათობა~ დავიწყეთ „ძველი ქართული აგიოგრაფიული ლიტერატურის ძეგლების“ ფოტოტიპური გამოცემით. ამჯერად წარმოგიდგენთ მესამე ტომს, რომელიც თავდაპირველად 1971 წელს გამოიცა. გვინდა აღვნიშნოთ, რომ გამოცემის თავისებურებიდან გამომდინარე, ტექსტის ზოგიერთი ნაწილი, შესაძლოა, ხარვეზიანი იყოს, ვინაიდან ყველაფრის სრულყოფილად აღდგენა ვერ მოხერხდა. თუმცა, თავდაპირველი გამოცემის ბოლოს წარმოდგენილი შენიშვნები წინამდებარე გამოცემაში სრულადაა გათვალისწინებული.